ლეიშმანიოზი

რა არის ვისცერული ლეიშმანიოზი?

ვისცერული ლეიშმანიოზი პარაზიტული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ძვლის ტვინს, ელენთას, ღვიძლს და ლიმფურ კვანძებს.

რამდენად ხშირია ლეიშმანიოზის შემთხვევები საქართველოში?

ვისცერული ლეიშმანიოზი გავრცელებულია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში. ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების ნახევარზე მეტი ქ. თბილისში ფიქსირდება. უკანასკნელ წლებში ვისცერული ლეიშმანიოზის გავრცელებამ მკვეთრად მოიმატა საქართველოში და წელიწადში დაახლოებით 200-მდე ახალი შემთხვევა აღინიშნება.

რა სიმპტომები აქვს ლეიშმანიოზს?

ვისცერული ლეიშმანიოზისთვის დამახასიათებელია ანემია, ტემპერატურის მომატება, წონაში კლება, ელენთის და ღვიძლის გადიდება, ზოგადი სისუსტე. თუ გაწუხებთ გაურკვეველი წარმოშობის ცხელება, ელენთის გადიდება ან/და ანემია, ჩაიტარეთ გამოკვლევა ვისცერულ ლეიშმანიოზზე.

როგორ ხდება ვისცერული ლეიშმანიოზის დიაგნოსტიკა?

ვისცერული ლეიშმანიოზის სადიაგნოსტიკოდ ყველაზე ხშირად მიმართავენ პარაზიტოლოგიურ მეთოდს, ანუ მიკროსკოპის მეშვეობით გამომწვევი პარაზიტის აღმოჩენა ძვლის ტვინიდან, ელენთიდან ან ლიმფური კვანძიდან აღებულ მასალაში. არსებობს ასევე ლეიშმანიოზის დიაგნოსტიკის მოლეკულური მეთოდები.