დედიდან ბავშვზე ინფექციათა გადაცემა

რა არის თანდაყოლილი ინფექცია?

ახალშობილთა სიკვდილობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მთელს მსოფლიოში მიჩნეულია ინფექციური დაავადებები. ახალშობილების ინფექციათა უდიდესი წილი მოდის თანდაყოლილ ინფექციებზე. ვირუსები და ბაქტერიები დედიდან ბავშვზე შეიძლება გადაეცეს ორსულობის, მშობიარობის და დედის რძით კვების დროს. ინფექციათა ნუსხა, რომლებიც ორსულისათვის საშიშროებას წარმოადგენს ნაყოფზე გადაცემის თვალსაზრისით, ძალიან ფართოა, თუმცა მათგან თავისი სიხშირით და აქტუალობით შეიძლება გამოიყოს შემდეგი დაავადებები:
· წითურა
· ციტომეგალოვირუსული ინფექცია
· მარტივი ჰერპესის ვირუსით ინფექცია
· პარვოვირუს B19-ით ინფექცია
· B ჰეპატიტი
· C ჰეპატიტი
· ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექცია
· ტოქსოპლაზმოზი
· ათაშანგი
· B ჯგუფის სტრეპტოკოკით ინფექცია
· ლისტერიოზი.

ორსულობის პერიოდში ნაყოფისთვის საფრთხის მქონე ინფექციებს ზოგჯერ სხვადასხვა აბრევიატურით მოიხსენიებენ, მაგალითად, ყველაზე ფართოდ გავრცელებულს წარმოადგენს ე.წ. TORCH:
TO – toxoplasmosis (ტოქსოპლაზმოზი)
R – rubella (წითურა)
C – cytomegalovirus (ციტომეგალოვირუსი)
H – herpes simplex virus (მარტივი ჰერპესის ვირუსი).

თუ ქალს დაემართა რომელიმე ინფექციური დაავადება ორსულობის დროს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ინფექცია ნაყოფზე აუცილებლად გადავა და დააზიანებს მას. მიკროორგანიზმების დიდი ნაწილი აზიანებს სასუნთქ და საჭმლის მომნელებელ სისტემებს, ჩვეულებრივ, ლოკალური ხასიათისაა და არ ახდენს გავლენას ნაყოფის განვითარებაზე.

ზოგიერთი ინფექციის სიხშირე და სიმძიმე ორსულობასთან დაკავშირებით მატულობს. მაგალითად, საშარდე გზების ინფექციები ორსულებში ბევრად უფრო ხშირია არა ორსულებთან შედარებით და ეს დაკავშირებულია როგორც მექანიკურ (დიდი ზომის საშვილოსნოს მიერ საშარდე გზებზე ზეწოლა), ასევე ჰორმონულ ფაქტორებთან. ორსულებში ასევე მაღალია კანდიდოზის (სოკოვანი ინფექცია) გავრცელება და ზოგიერთი კვლევებით, ორჯერ აღემატება არაორსულ ქალებში ამ ინფექციის სიხშირეს.

როგორ ხდება ნაყოფის დაინფიცირება?

ნაყოფის დაინფიცირება ამა თუ იმ მიკროორგანიზმით შეიძლება მოხდეს როგორც პირდაპირი გზით დედის გენიტალური ორგანოებიდან (მაგალითად, საშვილოსნოს, ან საკვერცხის მილების ანთების დროს), ასევე სისხლის ნაკადით პლაცენტის გზით.

ორსულობის სხვადასხვა პერიოდში განვითარებულმა ინფექციამ სხვადასხვა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს. ორსულობის ნაადრევ ეტაპზე ინფიცირების შედეგად ვითარდება ნაყოფის სიკვდილი. ზოგჯერ ეს შეიძლება მანამდეც მოხდეს, სანამ ქალი შეიტყობს, რომ ორსულადაა. საერთოდ, ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის მიზეზებს შორის ინფექციებზე დიდი წილი მოდის, თუმცა ზუსტი სტატისტიკა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.

ზოგჯერ ძნელი გასარკვევია, ადგილი ჰქონდა მიკროორგანიზმის უშუალო გავლენას ნაყოფზე, თუ არაპირდაპირ ეფექტს დედის ავადმყოფობასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი მიზეზი განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს საშვილოსნოსშიდა ზრდაში ჩამორჩენასა და ბავშვის უმწიფრობაში (ხშირად მიკრობი უშუალოდ ნაყოფს არ აზიანებს, მაგრამ ინფიცირებული დედის სისხლში მოხვედრილი ტოქსინების ან პლაცენტის ანომალიების გამო ნაყოფის კვება დარღვეულია და ახალშობილი უმწიფარი იბადება). გარდა ამისა, ნაყოფზე შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს არა თვითონ ინფექციამ, არამედ დედის ინფექციის სამკურნალოდ დანიშნულმა მედიკამენტებმა.

რა შედეგები შეიძლება ქონდეს დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემას?

· ნაყოფის დაღუპვა,
· მკვდრადშობადობა,
· ცოცხალმშობიარობა სხვადასხვა ანომალიებით,
· საშვილოსნოსშიდა ზრდაში ჩამორჩენა,
· დღენაკლობა,
· დროული, ნორმალური წონის ახალშობილი რომელიმე ქრონიკული ინფექციით.

დღენაკლი ახალშობილები ბევრად უფრო მგრძნობიარენი არიან ინფექციის მიმართ, ვიდრე დღესრულები და შესაბამისად მათში უფრო მაღალია თანდაყოლილი ინფექციების სიხშირე. ინფექციურ დაავადებათა განვითარების რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო დაბალია ახალშობილის წონა ან მუცლადყოფნის ასაკი.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთელი რიგი ინფექციები ნაყოფისთვის საშიშროებას წარმოადგენს მხოლოდ მაშინ, თუ ისინი დედას დაემართა უშუალოდ ორსულობის დროს და ნაყოფს არაფერს უშავებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც დედას ეს ინფექცია ორსულობამდეც ჰქონდა, ანუ უკვე გააჩნდა ამ ინფექციის საწინააღმდეგო ანტისხეულები. აქედან გამომდინარე, ამ ინფექციებს შეუძლია დააზიანოს მხოლოდ ერთი ნაყოფი და შემდგომი ორსულობის დროს ისინი ქალს და მის ნაყოფს პრობლემას აღარ შეუქმნის (მაგალითად, ასეთია ტოქსოპლაზმოზი).

დედიდან ბავშვზე ინფექცია შეიძლება გადაეცეს მშობიარობის პროცესშიც. მთელი რიგი მიკროორგანიზმების ბავშვზე გადაცემა სწორედ მშობიარობის დროს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ორსულობის პერიოდში. ასეთ ინფექციათა რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, აივ ინფექცია, B ჰეპატიტი, მარტივი ჰერპესი და სხვა. ზოგიერთი ინფექციის გადაცემა პრაქტიკულად მშობიარობის დროს ხდება და მუცლადყოფნის პერიოდში მათი გადაცემა უკიდურეს იშვიათობას წარმოადგენს (მაგალითად, ქლამიდია).

ზოგჯერ ნაყოფის დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ჩასახვამდე საკმაოდ დიდი ხნის წინ განვითარებული მწვავე ინფექციის შემთხვევაშიც. მაგალითად, აღწერილია თანდაყოლილი წითურას განვითარება ისეთ შემთხვევებში, როდესაც დედა დაინფიცირდა ბავშვის ჩასახვამდე 2-3 თვით ადრე. ემბრიონის დაინფიცირება აიხსნება ვირუსის გახანგრძლივებული ”დარჩენით” დედის სისხლში ან ქსოვილებში.

როგორია თანდაყოლილი ინფექციების კლინიკური გამოვლინებები?

ინკუბაციური პერიოდი სხვადასხვა ინფეციისთვის სხვადასხვაა და შეიძლებაგაგრძელდეს:
· რამდენიმე დღე (ენტეროვირუსული ინფექციის დროს)
· რამდენიმე კვირა (b ჰეპატიტის დროს)
· თვეები ან წლები (აივ ინფექციის და ციტომეგალოვირუსული ინფექციისდროს).

თანდაყოლილი ინფექციის შემთხვევაში ახალშობილი შეიძლება დაბადებისას სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს და სიმპტომები მხოლოდ ინკუბაციური პერიოდის გავლის შემდეგ გამოუვლინდეს.

უსიმპტომოდ დაბადებული ინფიცირებული ბავშვი (ანუ რომელსაც დიაგნოზი დაესმება მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად) ექვემდებარება ხანგრძლივ დაკვირვებას, ვინაიდან ხშირად სიმპტომები შეიძლება განვითარდეს თვეების ან წლების შემდეგ. ზოგჯერ ამა თუ იმ სიმპტომის დადგენა ახალშობილში ძალიან ძნელია. მაგალითად, თანდაყოლილი წითურას დროს სმენის დაქვეითება შეიძლება დადგინდეს მხოლოდ დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ამიტომ თუ დედას ორსულობის დროს დაუდგინდა ესა თუ ის ინფექცია, მისი ახალშობილი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეფასდეს და დაენიშნოს გეგმიური მეთვალყურეობის ვიზიტები. თანდაყოლილი ინფექცია შეიძლება ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩათავდეს და ბავშვი სრულიად ჯანმრთელი გაიზარდოს.

ზოგიერთ ინფიცირებულ ახალშობილში სამწუხაროდ, შეიძლება განვითარდეს ისეთი მძიმე გამოვლინებები, როგორებიცაა:

· გულის მანკი, სმენის დაქვეითება, კატარაქტა -წითურას დროს;
· მიკროცეფალია, კალციფიკაცია -ციტომეგალოვირუსული ინფექციის დროს;
· ჰიდროცეფალია, კალციფიკატები, ქორიორეტინიტი(თვალის დაზიანება) – ტოქსოპლაზმოზის დროს;
· კანის ბუშტუკოვანი და ეგზემური დაზანებები,კერატოკონიუნქტივიტი – მარტივი ჰერპესის დროს;
· ენაზე ინტენსიური ნადები, ზრდა-განვითარებაშიჩამორჩენა, მორეციდივე ბაქტერიული ინფექციები -შიდსის დროს.

ასეთი ბავშვები სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების მიერ ერთობლივ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ.

როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ორსულთა ინფექციების მძიმე შედეგები?

იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული ორსულთა ინფექციების ის მძიმე შედეგები, რომელთა შესახებაც ზემოთ იყო საუბარი, რეკომენდებულია, ყველა ქალმა დაორსულებამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში, ორსულობის ნაადრევ ეტაპზე ჩაიტაროს კონსულტირება და გამოკვლევა ზემოაღნიშნულ ინფექციებზე.