ალერგია

რა არის ალერგია?
ალერგია არის გაძლიერებული რეაქცია ისეთი ფაქტორების მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ არ უნდა იწვევდნენ რაიმე სახის დარღვევას ადამიანის ორგანიზმში. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი, მცენარეების ან ოთახის მტვერი, შინაური ცხოველების ეპითელიუმი, წამლები და სხვა.

როგორ ვლინდება ალერგია?
ალერგიის გამოვლინებები მრავალფეროვანია: გამონაყარი, შეშუპება, ქავილი,ცემინება, სურდო, ცრემლდენა, თვალების გაწითლება, სუნთქვის გაძნელება,ხველება, ქოშინი, “მსტვინავი” სუნთქვა. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სიმპტომებისა, რომლითაც შეიძლება გამოვლინდეს ალერგია.

როგორ გავიგოთ, რაზე გვაქვს ალერგია?
ადამიანები, რომელთაც ალერგია აქვთ, ხშირად ცდილობენ გაარკვიონ, რომელ საკვებზე, მცენარეზე, ცხოველზე თუ სხვა რომელიმე ალერგენზე აქვთ ალერგიული რეაქცია. ზოგჯერ ამას ალერგიის მქონე პაციენტი სწორად აფასებს, ხშირად კი ეს შეფასება სრულიად არ არის რეალობასთან ახლოს. მაგალითად, ზოგიერთი კატეგორიულად არის დარწმუნებული, რომ ალერგია აქვს შოკოლადზე, თუმცა ეს ასე არ არის და სინამდვილეში პრობლემას არა თვით შოკოლადი, არამედ თხილი წარმოადგენს.ალერგია ადამიანთა წარმოდგენაში ასოცირდება ზოგიერთ საკვებთან, მაგალითად ციტრუსებთან, მარწყვთან, ნიგოზთან, კვერცხთან და ა.შ. პაციენტთა უმრავლესობას ძნელად თუ წარმოუდგენია, რომ არანაკლებ ხშირია ალერგია სოიოზე (ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ალერგენი), მათ შორის სოიოს შემცველ საკვებზეც; ხორბალზე; კარტოფილზე; რძეზე და რძის შემცველ პროდუქტებზე და ა.შ.

შესაძლებელია თუ არა ალერგიის დიაგნოსტიკა ლაბორატორიული კვლევებით?
ყველაზე რეალური საშუალება იმის დადგენისა, თუ რაზე გვაქვს ალერგია, წარმოადგენს სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, ზუსტად განისაზღვროს რომელ საკვებზე, მცენარესა თუ ცხოველზე აქვს ადამიანს ალერგიული რეაქცია.

როგორ ტარდება ალერგიაზე გამოკვლევა?
ბევრ ადამიანს სურს, გაიგოს რაზე აქვს ალერგია, მაგრამ არ იცის რითი დაიწყოს, რომელ ალერგენებზე გამოიკვლიოს თავი, ზოგიერთს ეშინია გამოკვლევის პროცედურის ან იმის, რომ გამოკვლევის დროს შეიძლება საშიში ალერგიული რეაქცია განუვითარდეს. ასეთ შემთხვევებში საუკეთესო ვარიანტია სისხლში არსებული ე.წ.ს პეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრა, რომლებიც მიმართულია კონკრეტული ალერგენების მიმართ. ასეთი მეთოდით შესაძლებელია ერთდროულად 20 სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო (მცენარეთა და ოთახის მტვერი, შინაური ცხოველები, ნესტის სოკოები და სხვა) და 20 სხვადასხვა ტიპის საკვების მიმართ ალერგიის დადგენა. აღნიშნულ ჩამონათვალში შესულია ის ალერგენები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ ალერგიას. ასეთი მეთოდი სრულიად უსაფრთხოა ადამიანისათვის გამოკვლევის პროცესში ალერგიული რეაქციის განვითარების მხრივ, ვინაიდან გამოკვლევა ტარდება არა კანის სინჯით, არამედ ვენიდან აღებული სისხლის გამოკვლევით. ამ მეთოდით შესაძლებელია რაოდენობრივად განისაზღვროს, რამდენად ძლიერია ამა თუ იმ ფაქტორზე ალერგიული რეაქცია.

გაიგეთ, რაზე გაქვთ ალერგია!
ამის ცოდნა მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ ალერგიასთან ბრძოლას და სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას მოგცემთ!