ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია

რამდენად გავრცელებულია ადამიანის გენიტალური პაპილომავირუსული ინფექცია?

ადამიანის გენიტალური პაპილომავირუსული ინფექცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას. სქესობრივად აქტიურ ადამიანთა დაახლოებით 50% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ინფიცირდება პაპილომავირუსით.

რას იწვევს ადამიანის გენიტალური პაპილომავირუსული ინფექცია?

პაპილომავირუსის მნიშვნელობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც წარმოადგენს ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მეორე მიზეზს მკერდის კიბოს შემდეგ.

ადამიანის გენიტალური პაპილომავირუსის რამდენი ტიპი არსებობს?

არსებობს პაპილომავირუსების 100-ზე მეტი ტიპი, რომელთაგან ზოგიერთი მიეკუთვნება ე.წ. “მაღალი რისკის” (ონკოგენურ, ანუ სიმსივნის გამომწვევ),ზოგიერთი კი “დაბალი რისკის” (არა ონკოგენურ) ტიპებს. ამის დადგენა შესაძლებელია შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევებით.

რა სიმპტომები ახასიათებს ადამიანის გენიტალურ პაპილომავირუსულ ინფექციას?

პაპილომავირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებითაც შეიძლება დამთავრდეს. თუ ადამიანი ინფიცირებულია მაღალი რისკის ვირუსით, მის ლორწოვან გარსში შეიძლება განვითარდეს კიბოს წინამორბედი ცვლილებები და მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში, საშვილოსნოს ყელის კიბო.

წარმოადგენს თუ არა ადამიანის გენიტალური პაპილომავირუსული ინფექცია საფრთხეს მამაკაცებისათვის?

მამაკაცებში მაღალი რისკის პაპილომავირუსებით ინფიცირებას შეიძლება მოჰყვეს ასოს ან ანუსის კიბოს განვითარება.

როგორ ხდება ადამიანის გენიტალური პაპილომავირუსული ინფექციის დიაგნოსტიკა?

დიაგნოსტიკა ხდება ორი ძირითადი მიმართულებით:

1. უშუალოდ პაპილომავირუსის გამოვლენა და მისი ტიპის დადგენა ლორწოვანი გარსის უჯრედებში მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდით.

2. ე.წ. პაპ-ტესტი, რომელიც გულისხმობს არა უშუალოდ ვირუსის აღმოჩენას, არამედ ვირუსის მიერ გამოწვეული ცვლილებების გამოვლენას.

შესაძლებელია თუ არა ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის თავიდან აცილება?

პაპილომავირუსების საპროფილაქტიკოდ არსებობს ვაქცინა, რომელიც გოგონას უნდა ჩაუტარდეს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. ვაქცინა სამჯერადად კეთდება და იცავს ქალს ვირუსის ყველაზე ფართოდ გავრცელებული, როგორც ონკოგენური, ისე არაონკოგენური ტიპებისგან.