ჰეპატიტები

ჰეპატიტები

რა არის ჰეპატიტი?

ჰეპატიტი ნიშნავს ღვიძლის ანთებას. მისი გამოწვევა შეუძლია სხვადასხვა ვირუსს, ბაქტერიას, ზოგიერთ მედიკამენტს, ტოქსინს, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას და სხვა. თუმცა ჰეპატიტის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს A, B და C ჰეპატიტის ვირუსები წარმოადგენს.

როგორ გადაეცემა B და C ჰეპატიტის ვირუსები?

B და C ჰეპატიტის ვირუსები ადამიანის ორგანიზმში ხვდება ამ ვირუსებით ინფიცირებული სისხლის და ორგანიზმის სხვა ბიოლოგიური სითხეების მეშვეობით. ეს შეიძლება მოხდეს დაბინძურებული ნემსის ან შპრიცის ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით; ამ ვირუსებით ინფიცირებული დედიდან ბავშვზე და სქესობრივი გზით. სქესობრივი გზით B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის რისკი ბევრად აღემატება C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის რისკს (ამ უკანასკნელის შემთხვევაში საშუალოდ 2%-ს უდრის). ამ ინფექციათა გადაცემა შეიძლება მოხდეს ასევე საერთო საპარსის, ფრჩხილის მაკრატლის ან კბილის ჯაგრისის გამოყენებითაც.

რა განსხვავებაა A, B და C ჰეპატიტის ვირუსებს შორის?

A, B და C ჰეპატიტი წარმოადგენს დაავადებებს, რომელთაც 3 სხვადასხვა ვირუსი იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება მსგავსი სიმპტომები ახასიათებდეს, მათი გამომწვევი ვირუსები სხვადასხვაგვარად გადაეცემა და ამ დაავადებათა მიმდინარეობაც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. A ჰეპატიტი მხოლოდ მწვავედ მიმდინარებს და არ იწვევს ქრონიკულ ინფექციას, ანუ ვირუსის ორგანიზმში მუდმივად “დარჩენას“ და პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, ყოველგვარი მკურნალობის გარეშეც, განკურნებით მთავრდება. B და C ჰეპატიტის ვირუსებს კი შეუძლიათ გამოიწვიონ ქრონიკული ინფექცია, ანუ ვირუსის ორგანიზმიდან გამოძევება არ მოხდეს, რამაც შესაძლოა შედეგად მოგვცეს ღვიძლის ქრონიკული დაავადება. ეს მოვლენა უფრო ხშირად C ჰეპატიტის დროს ხდება, ანუ C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ბევრად მაღალია ღვიძლის ქრონიკული დაავადების რისკი, ვიდრე B ჰეპატიტის ვირუსით.

შესაძლებელია თუ არა, რომ “A ჰეპატიტი გადავიდეს B ჰეპატიტში“ და „ B ჰეპატიტი გადავიდეს C ჰეპატიტში”?

რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს დაავადებები ერთმანეთში ვერ „გადაიზრდება“, ვინაიდან მათ იწვევს სრულიად სხვადასხვა ვირუსები. თუ ადამიანს რომელიმე ჰეპატიტი აქვს, მას შეიძლება სხვა ჰეპატიტიც დაემართოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის ორგანიზმში მოხვდა შესაბამისი ვირუსი.

რა სიმპტომები აქვს B და C ჰეპატიტს?

B და C ჰეპატიტის შემთხვევათა უდიდესი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ინფიცირებული ადამიანისთვის შეუმჩნეველი რჩება. ძალიან ხშირად ამ ვირუსების გამოვლენა ხდება შემთხვევით, როდესაც ადამიანები იტარებენ სისხლის ლაბორატორიულ გამოკვლევას სხვადასხვა მიზეზით. ზოგჯერ ქრონიკულ B და C ჰეპატიტს ახასიათებს საერთო სისუსტე, სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, სახსრების ტკივილი, გამონაყარი კანზე და სხვა.

როგორ ხდება B და C ჰეპატიტის მკურნალობა?

პირველ რიგში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლითაც დადგინდება B ან C ჰეპატიტის როგორი ფორმა აქვს და საჭიროებს თუ არა მკურნალობას. სხვადასხვა გამოკვლევით დგინდება სისხლში ვირუსის კონცენტრაცია, ვირუსის გენოტიპი, ასევე ფასდება ღვიძლის ფიბროზის ხარისხი და ღვიძლის ფუნქციები და შემდეგ უკვე განიხილება მკურნალობის საკითხი. სამწუხაროდ დღეს, საქართველოში ბევრი ადამიანი იტარებს მკურნალობას ისეთი საშუალებებით, რომლებიც რეალურად ვირუსული ჰეპატიტების სამკურნალოდ არ უნდა გამოიყენებოდეს. ასეთი გაუმართლებელი მკურნალობის შემდეგ ხშირია ლაბორატორიული მაჩვენებლების გაუარესების შემთხვევები. ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობა დღესდღეობით მიმდინარეობს თანამედროვე და აპრობირებული ანტივირუსული მედიკამენტებით. რაც შეეხება ქრონიკულ B ჰეპატიტს, არსებობს ასევე რამდენიმე პერორალურად მისაღები ანტივირუსული პრეპარატი. თუ პაციენტი ანტივირუსულ მკურნალობას ვერ იტარებს, მთავარია, საკუთარ თავს არ ავნოს ზედმეტი, გაუმართლებელი მკურნალობით.

როგორ უნდა მოუაროს თავს ქრონიკული B და C ჰეპატიტის მქონე პაციენტმა?

პირველ რიგში, რეგულარულად უნდა იტარებდეს ექიმის კონსულტაციას და შესაბამის გამოკვლევებს, რათა არ მოხდეს ისე, რომ დაავადება პროგრესირებდეს პაციენტისთვის შეუმჩნევლად. ვინაიდან ამ დაავადებების მქონე პაციენტებს ხშირად ჩივილები არა აქვთ, საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესებას სიმპტომების მიხედვით ვერ აფიქსირებენ. მთავარი რჩევაა ალკოჰოლისგან თავის შეკავება, რათა დამატებით არ მოხდეს ღვიძლის უჯრედების დაზიანება. გარდა ამისა, ნებისმიერი სხვა მკურნალობის წინ ჰეპატიტის მქონე პაციენტმა რჩევა უნდა ჰკითხოს ექიმს, ვინაიდან მთელ რიგ მედიკამენტებს პოტენციურად გააჩნიათ ღვიძლის დაზიანების უნარი.

როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ B და C ჰეპატიტი?

სამწუხაროდ, C ჰეპატიტის ვაქცინა ჯერ არ არსებობს და ამ ვირუსისგან თავდაცვის ძირითად საშუალებად რჩება ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული ინსტრუმენტების გამოყენება. რაც შეეხება B ჰეპატიტის ვირუსს, არსებობს მისი საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა, რომელიც სამჯერადად კეთდება.

რამდენად სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქრონიკული B და C ჰეპატიტი ადამიანის ჯანმრთელობას?

ქრონიკული B და C ჰეპატიტი დაავადებებია, რომელთა დროსაც შეიძლება მოხდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანება. ეს ვირუსები ღვიძლის ციროზის და კიბოს წამყვან მიზეზებს წარმოადგენს.

შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანს ჰქონდეს ქრონიკული B ან C ჰეპატიტი და ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყოს?

შესაძლებელია და ეს საკმაოდ ხშირია. ზოგჯერ კი ხდება ამ მაჩვენებლების პერიოდული მომატება და შემდეგ ისევ ნორმაში დაბრუნება. ქრონიკული B ან C ჰეპატიტის მქონე პაციენტები პერიოდულად (საშუალოდ 6 თვეში ერთხელ) უნდა იტარებდნენ ამ მაჩვენებლებზე გამოკვლევას.